„გოგორას“ საცოცი სამკუთხედი

საცოცი სამკუთხედი ჩვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროდუქტია, რომლის შესწავლაც 2020 წლიდან დავიწყეთ. მსოფლიო ბაზარზე არსებული საცოცი სამკუთხედების მოდელებისა და ზომების გათვალისწინებით, ასევე, ბლოგებსა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე მშობელთა რეკომენდაციების შესწავლის შედეგად არჩევანი პიტერ ანგლეას მოდელზე შევაჩერეთ, რომელიც მარტივად დასაკეცი და მყარი კონსტრუქციით გამოირჩევა. წარმოების ლიცენზია შევიძინეთ, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც შევიტანეთ. თავდაპირველ კონსტრუქციაში გათვალისწინებულია საფეხურების შეწებება, ხოლო ჩვენს მოდელში გამოვიყენეთ ჭანჭიკები. ერთი მხრივ, გაგვიხანგრძლივდა სამუშაო პროცესი და გაიზარდა მასალის ოდენობა, მაგრამ, მეორე მხრივ, პროდუქტი გახდა მეტად მყარი, დასაშლელი და ასაწყობი და მისი ტრანსპორტირება/შენახვა გაცილებით მარტივია.




ასევე, საფეხურების შესახებ მოდელის ავტორის რეკომენდაცია 25 მმ დიამეტრის მრგვალი ჯოხები იყო, თუმცა ფიჭვის მასალის შემთხვევაში, მეტი სიმყარისთვის არჩევანი 30 მმ დიამეტრის ჯოხებზე შევაჩერეთ. წიფლის საფეხურების შემთხვევაში დიამეტრი მერყეობს 25-დან 27 მმ-მდე. საცოცი სამკუთხედის ზომებია:
- სიმაღლე – 85 სმ,
- საფეხურების სიგანე – 55 სმ,
- ძირის სიგანე – 98 სმ.
- ოპტიმალურია 8 თვიდან 6 წლამდე ბავშვისთვის.
რაც შეეხება თანმხლებ დაფას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას შეიძლება ჰქონდეს სასრიალო ან საცოცი ფუნქციები სხვადასხვა სენსორული უნარის განსავითარებლად (დაფაზე დამაგრებული კიბის საფეხურების, გეომეტრიული ფიგურების, ორმხრივად ამოჭრილი ფიგურების და ა.შ. სახით). არსებული შესაძლებლობიდან არჩევანი შევაჩერეთ 90 და 110 სმ-იანი დაფის სხვადასხვა ვარიანტზე 35 და 40 სმ სიგანით.