საცოცი სამკუთხედი
ბავშვის სწორი განვითარებისთვის ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. სანამ პატარა ერთი წლის გახდება, ის რთული მოძრაობების მთელ სპექტრს ეუფლება, სწავლობს, როგორ შეიგრძნოს სხეული და აკონტროლოს იგი. ერთ-ერთი დამხმარე საშუალება ამ რთული ამოცანის შესრულებისას საცოცი სამკუთხედია, რომლის შექმნაც უნგრელი პედიატრის, ემი პიკლერის სახელს უკავშირდება.
საცოცი სამკუთხედი უჩვეულო და იდეალური პროდუქტია პატარებისთვის, რომლებიც ახალ ნაბიჯებს დგამენ ცხოვრების საწყის ეტაპზე და ცდილობენ, გაუმკლავდნენ რთულ გამოწვევებს.
პიკლერი ყურადღებას ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას შორის პირდაპირ კავშირზე ამახვილებდა. ე.წ. „პიკლერის სამკუთხედი“, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ შეიქმნა, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამ პროდუქტის მთავარი ფუნქციაა, ბავშვებმა ბუნებრივი შესაძლებლობები ცოცვის პროცესში თავიანთი ტემპის შესაბამისად გამოიყენონ.

სამკუთხედზე ცოცვისას პატარები აფასებენ საკუთარ უნარებს, საფრთხეებს, სირთულეებს და მათი დაძლევის პროცესში თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას ავლენენ. სამკუთხედზე ცოცვისას ბავშვი უკეთ აღიქვამს საკუთარ სხეულს, უკეთ აკონტროლებს მას, კუნთოვანი სისტემა ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ ბავშვების განწყობაზე დადებითად აისახება, როცა მათი მოძრაობის მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილებულია, როდესაც ისინი გადალახავენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, შესაბამისად, თვითდაჯერებულობის, თვითკმაყოფილების მაღალ დონეს აღწევენ. ეს კი, თავის მხრივ, პატარას თვითშეფასებაზე დადებითად აისახება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დოქტორი პიკლერის ფილოსოფიის თანახმად, სასურველია ბავშვი არ აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ამიტომ აუცილებელია, შევქმნათ ბავშვისთვის მხარდამჭერი გარემო და და მივცეთ მას საშუალება, ექსპერიმენტები ჩაატაროს. სამკუთხედზე თამაშით ბავშვი შეისწავლის საკუთარი ინსტინქტების ნდობას, გადაწყვეტილების მიღებას თავისი შესაძლებლობების მიხედვით. მისთვის ეს არის უსაფრთხო ადგილი, სადაც შეუძლია საკუთარი უნარების გამოცდა და ამ გზით თავდაჯერებულობის ამაღლება. როდესაც ბავშვი სამკუთხედზე თამაშის დროს დაბრკოლებას გადააწყდება, ეს მისთვის მამოძრავებელი ძალა იქნება, რომ კიდევ სცადოს და მიაღწიოს სასურველ შედეგს, რომელიც მასში სიხარულს გააღვივებს.
საცოცი სამკუთხედის დახმარებით გამომუშავებული სხვადასხვა მოტორული და კოგნიტიური უნარი უზრუნველყოფს ბავშვის მომავალს – მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უნარჩუნდება შეძენილი უნარები, რითაც შემდეგ მარტივად გაუმკლავდება გამოწვევებს. ყველაზე მთავარი კი იმის გაცნობიერებაა, რომ „პიკლერის სამკუთხედი“ იზრდება ბავშვთა ერთად და მისი განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს თამაშის ახალ გზებს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამკუთხედზე თამაშის პროცესში სასურველია მშობლებიც ჩაერთნენ, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან. მშობლებმა მხარი უნდა დაუჭირონ ბავშვების აქტივობას და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება. დაუშვებელია აქტივობის შესრულების ძალდატანება, რამაც შეიძლება შეაფერხოს ბავშვის განვითარება.
ჩვეულებრივ, საცოც სამკუთხედს ახლავს დაფა, რომლის სხვადასხვა მოდელი სენსორული უნარების განვითარებისათვის საჭირო სასრიალო და საცოცი ფუნქციებითაა აღჭურვილი. ბევრი მშობელი დაფას იყენებს „ხიდის“ დანიშნულებით – დაფის ერთ ბოლოს ავეჯის შესაფერის ნაწილთან აერთიანებს.
საცოცი სამკუთხედის სპეციფიკიდან გამომდინარე, მშობლებს მუდმივად უჩნდებათ კითხვები:
- რა არის საცოცი სამკუთხედი?
- რა უპირატესობები ახასიათებს მას?
- რამდენად უსაფრთხოა?
- რა ასაკისთვისაა განკუთვნილი?
- რა მასალისაგან მზადდება?
- როგორ გავაცნოთ იგი ბავშვს?
- რამდენ ხანს შეიძლება მისი გამოყენება?
ამ და სხვა კითხვებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ბლოგის შემდეგ სტატიებს.