ჩვენ შესახებ

Nuremberg toy fair 2023მადლობა რომ დაინტერესდით გოგორას საქმიანობით. თქვენი დრო ჩვენთვის ღირებულია. 

მე ვარ ნინო რაზმაძე, ეთნომუსიკოლოგი, მყავს 4 შვილი – ელენე, ნოე, ნენე და ნეო. ჩემი პროფესია და საქმიანობის ძირითადი სფერო ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის შესწავლას და პოპულარიზებას მოიცავს. 

გოგორა ჩემი თვითგამოხატვის გზაა. ისტორიის დასაწყისში ჩემი მიზანი ქართული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების შექმნა იყო, რომელიც ჩვენს ეთნოგრაფიულ ელემენტებს ეფუძნებოდა. მჯერა, სათამაშოები საინტერესო სფეროა რითაც საერთაშორისო დონეზე შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ჩვენი ტრადიციული კულტურა. ვფიქრობ, ამ იდეას აქვს დიდი პოტენციალი და მომავალი, თუმცა პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე ჩემი ამოცანა შეიცვალა. 

უკვე რამდენიმე წელია, ჩემი საქმიანობით ვცდილობ მხარი დავუჭირო მშობლებს, რომლებთანაც საერთო გამოწვევები მაკავშირებს. გადატვირთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დროის შეზღუდული რესურსი, ბავშვების თუ პირადი ფიზიკური და მენტალური განვითარების უწყვეტი გამოწვევები — ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ დაძაბულ რეალობაში ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მხარდაჭერა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში, მათ ჰუმანურ აღზრდაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებაში და, საბოლოოდ, მენტალურად და ფიზიკურად ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბებაში.

გოგორას იდეას ძლიერი გუნდი ახორციელებს. ჩვენი პროდუქტისა და სერვისის ხარისხს ჩვენი წევრები ქმნიან, ვინც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და მაქსიმალურად იხარჯებიან კომპანიის განვითარებაში. მათი ენთუზიაზმისა და ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა იმ სირთულეების დაძლევა, რაც ყოველდღიურობაში გვაქვს. გოგორას გუნდს გვჯერა, რომ შეგვიძლია ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება სახლის პირობებში, ბაღებსა თუ ცენტრებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და საუკეთესო ხარისხი ჩვენი ბავშვებისთვის.

ისტორია

გოგორას ინსპირაცია ლატვიური და ესტონური ტრადიციული რეწვის პრაქტიკა იყო, რასაც 2017-18 წლებში ERASMUS+ პროექტის ფარგლებში (ხელმძღვანელი: მარა როზენტალე) გავეცანით. ვნახეთ არაჩვეულებრივი მაგალითები, როგორ შეიძლება საკუთარი ტრადიციული ხელოვნება შეიყვარო, შეინახო, გამოიყენო თანამედროვეობაში, შექმნა მიმზიდველი და ხარისხიანი თანამედროვე პროდუქტი და გაუწიო შენს იდენტობას პოპულარიზება მსოფლიოს მასშტაბით. ამ იდეით ანთებულმა დავიწყე ქართულ ეთნოგრაფიულ თემებზე სათამაშოების პროტოტიპების შექმნა. გოგორას ისტორია აჭარის ჯადოსნურ მთებში დაიწყო, რომელთანაც წლების მანძილზე განხორციელებული სხვადასხვა ფოლკლორული პროექტი და დიდი სიყვარული მაკავშირებდა. 

„გოგორა“ აჭარულად ნიშნავს ბორბალს და მუდმივ მოძრაობასთან ასოცირდება. მთიან აჭარაში დღემდე არსებობს ტრადიცია, როცა ოჯახის უფროსები ბავშვებისათვის ბორბლებიან სათამაშოებს აკეთებენ, რომელთაც „გოგორაჲ“-ს ეძახიან. 

ჩვენი მომავალი ბრენდის თვითგამორკვევის გზაზე „აზროვნების აკადემია“ და ალექსი ჩიქოვანი დამეხმარა, ხოლო ბრენდის პლატფორმა და ვიზუალური იდენტობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მარკეტინგულმა გუნდმა – „ჰანს ენდ გრუბერმა“ შექმნა.

ჩვენი ლოგოს სიმბოლო – ჯიხვი, ლეგენდარული მხატვრის, ჩუბჩიკას (თენგის მირზაშვილი) ჩანახატიდან გააციფრულა დიზაინერმა „არტ-მენმა“. ჩვენი თითოეული სიმბოლო ქართული თემებიდან მოდის.

მისია და ხედვა

გოგორა სოციალური საწარმოა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეკომეგობრული ავეჯისა და ინვენტარის ხელმისაწვდომობას. ჩვენი წარმოება დაფუძნებულია კვლევაზე, ხოლო პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ და სხვა საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს (EN, ASTM).

ჩვენი პროდუქტები ეფუძნება უსასრულო თამაშების (open-ended play) პრინციპებს — ისეთ დიზაინსა და იდეას, რომელიც ბავშვს აძლევს თავისუფლებას ითამაშოს საკუთარი წესებით, გამოიკვლიოს, იფიქროს და იმოძრაოს. ასე თამაში იქცევა განვითარების ბუნებრივ პროცესად, სადაც მენტალური და ფიზიკური უნარები თანაბრად ყალიბდება.

გოგორას საქმიანობის ცენტრში დგას ადამიანი და ბუნება. ღრმად გვწამს, რომ თუ გვინდა ხვალ უკეთესი მსოფლიო გვქონდეს, დღეს მეტი ყურადღება და ზრუნვა გვმართებს ბავშვების მიმართ. ჩვენთვის ბავშვებზე ზრუნვა მშობლებზე ზრუნვით იწყება.

ჩვენი მისიაა მხარი დავუჭიროთ მშობლებსა და აღმზრდელებს ბავშვების პოზიტიურ აღზრდაში და შევქმნათ ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება თავისუფლება, უსაფრთხოება და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

ბავშვთა უსაფრთხოება

ბავშვთა უფლებების დაცვა ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და პირდაპირ აისახება ჩვენს პროდუქტებსა და პრაქტიკაში.

გოგორა იზიარებს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის (CRC) დებულებებს ბავშვთა უფლებების შესახებ. კონვენციის მიხედვით ყველა ბავშვს აქვს უსაფრთხო გარემოზე ხელმისაწვდომობისა და განვითარების უფლება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ვალდებულებაა დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება, უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელობა, განათლება და სრულფასოვანი ზრდა ყველა მიმართულებით.

ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვვითარდებით ამ მიმართულებით. დეტალურად ვიცნობთ ადგილობრივ კანონმდებლობას, ევროპულ რეგლამენტებს სათამაშოებისა და ავეჯის უსაფრთხოების შესახებ, ვთარგმნით და ვნერგავთ რეგლამენტების შესაბამის სტანდარტებს და მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას პროდუქტის სწორი ექსპლოატაციის შესახებ. 

გარდა ამისა, საქართველოში საბავშვო ავეჯის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მუდმივად ვიკვლევთ და ვმუშაობთ ბავშვების ყოველდღიური საჭიროებების გაუმჯობესებაზე, თუმცა, ამ მხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ადგილობრივი წარმოება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საკუთარი წარმოება. ეს გვაძლევს შესაძლებლობა ვაკონტროლოთ პროდუქციის ხარისხი, დავიცვათ წარმოების მაღალი სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენი საწარმოები თბილისში და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში – ქედაში მდებარეობს, სადაც ვქმნით დასაქმების შესაძლებლობებს ადგილობრივებისთვის. ჩვენთან დასაქმებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ახალგაზრდები, მრავალშვილიანი დედები. 

სოციალური მეწარმეობა

გოგორა 2025 წლიდან აქტიურად პოზიციონირებს, როგორც სოციალური საწარმო. ჩვენი სტატუსი დაადასტურა ორგანიზაციამ CSRDG, რომელიც საქართველოში სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა. ეს აღიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც მორალური, ისე მატერიალური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

გოგორას სოციალური მისია არ შემოიფარგლება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში წარმოების განვითარებით. ჩვენი საქმიანობის არსებითი ნაწილი უკავშირდება ბავშვებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და განმავითარებელი გარემოს შექმნას.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ მიზნობრივად გამოვყოფთ რესურსებს:

    • მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა ფიზიკური აქტივობის სივრცეების განვითარებისთვის;
    • ბავშვთა განვითარების ცენტრების უსაფრთხო და ხარისხიანი ინვენტარით აღჭურვისთვის;
    • საბავშვო ბაღებში ავეჯისა და სათამაშოების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის;
    • საჯარო სივრცეებსა და ღონისძიებებზე ვაწყობთ საბავშვო კუთხეებს, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ თავისუფლად და ჯანსაღი აქტივობებით დაკავდნენ.

დღეს საქართველოში, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა განვითარების ცენტრებში, სათამაშოებისა და ავეჯის ხარისხის, ეკოლოგიურობისა და მდგრადობის საკითხი კრიტიკულად პრობლემურია. სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ, ცვლილებებისთვის აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო და კერძო სექტორთან.

ჩვენი კოლეგების მონაწილეობით ვატარებთ კვლევებს საბავშვო ბაღებში ავეჯისა და სათამაშოების უსაფრთხოების, ასევე გონივრული და პასუხისმგებლიანი შესყიდვების მართვის მიმართულებით. პარალელურად, ვმუშაობთ მშობლებისა და აღმზრდელების ცნობიერების ამაღლებაზე ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებში.

ჩვენთვის ეს თემა აქტუალური დარჩება მანამ, სანამ საქართველოში არ ჩამოყალიბდება საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩო და მისი აღსრულების რეალური მექანიზმები.

მდგრადი განვითარება

2025 წელს გოგორა გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წელი. აქტიურად ვმონაწილეობთ დარგის საუკეთესო სპეციალისტების მიერ დაგეგმილ შეხვედრებსა თუ სემინარებში, სადაც გვეძლევა ცოდნის ამაღლების და ჩვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. 

ჩვენი კომპანია საქმიანობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად (17-დან 10-მდე მიზანი ჩვენს საქმიანობასთან უშუალო კავშირშია). განსაკუთრებული ძალისხმევა იხარჯება შემდეგ მიმართულებებზე: 

    • მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური პროექტების განხორციელება, 
    • ბავშვის უსაფრთხო განვითარებაზე ორიენტირებული დიზაინის შექმნა,
    • ქიმიურად უსაფრთხო, არატოქსიკური მასალების გამოყენება, 
    • წარმოებაში ცირკულარული პროცესების დანერგვა, 
    • წარმოების ოპტიმიზება და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, 
    • ეკომეგობრული შეფუთვა,
    • ხანგრძლივი გამოყენების პროდუქტების შექმნა დაზიანებული დეტალების შეცვლის შესაძლებლობა, რათა ნაკლები ნივთი აღმოჩნდეს ნაგავსაყრელზე,
    • მეორადი გამოყენების ხელშეწყობა
    • ღირსეული და განმავითარებელი სამუშაო პირობების შექმნა, 
    • მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, 
    • პასუხისმგებლიანი მიწოდება და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. 

გვჯერა, რომ ბუნებისა და ადამიანების წინაშე აღებული ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. მდგრადი ბიზნესის საწინდარი მხოლოდ მდგრადი წარმოება შეიძლება იყოს.

მადლიერება

გოგორას იდეებს და მისწრაფებებს ამ წლების განმავლობაში მრავალი მეგობარი და მხარდამჭერი გამოუჩნდა. 2018 წლიდან დღემდე აქსელერაციის პროგრამებით, ტრენინგებით, ლექცია-სემინარებით, საწარმოს მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის, პროტოტიპირების პროექტებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროგრამებსა და ორგანიზაციებთან: „სოფლის განვითარების სააგენტო“, „აწარმოე საქართველოში“, „შემოქმედებითი საქართველო“, თბილისის მერიის აქსელერაციის პროგრამა „სპარკი“, ქედის მუნიციპალიტეტი, „ევროკავშირი საქართველოსთვის ENPARD“, UNDP, GIZ, USAID, CSRDG, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, CENN, KEDA LEADER, IoD, ÖIR, „სოციალური საწარმო დადარი“, Startup Büro, SMEDA, STARTA,  „საქართველოს ბანკი“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და სხვა. 

ჩვენი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნებისა და დონორების მხარდაჭერა ჩვენთვის პატივი და პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერას ვიღებთ არამხოლოდ საგრანტო მიმართულებით, არამედ საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. სწორედ ეს მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას ვიცოდეთ რას ნიშნავს უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტი და საქართველოში შევქმნათ ევროსტანდარტების შესაბამისი  საბავშვო ავეჯი და ინვენტარი.

ბიზნესსა და მით უფრო, წარმოებაში გამოცდილება არ მქონია, თუმცა ჩემი პროფესიული უნარები დამეხმარა კველავზე დაფუძნებული პროდუქტების წარმოებას შექმნაში. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს პროფესიულ განვითარებაში წვლილი შეიტანა და კვლევის აპარატი ჩამომიყალება, რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე მეხმარება. 

გოგორა – ჩვენი ბავშვებისთვის

ჩვენი ენერგიის წყარო თქვენთან თანამშრომლობაა. თანაბარი სიხარულით ვქმნით საბავშვო სივრცეებს როგორც სახლის, ისე ინდუსტრიულ პირობებში გამოყენებისთვის. 

  • თუ თქვენ ხართ მშობელი – ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პატარას ასაკისა და საჭიროების შესაბამისი ავეჯისა და ინვენტარის შეძენაში. დეტალურად გაგაცნობთ თქვენთვის საინტერესო პროდუქტის კონსტრუქციისა და ნედლეულის უსაფრთხოების პარამეტრებს. გაგიზიარებთ გამოცდილებას თუ როგორ შეიძლება პროდუქტის ეფექტურად გამოყენება და თქვენგანაც მოვისმენთ რჩევებს; 
  • თუ საბავშვო ბაღისთვის ან ცენტრისთვის ეძებთ უსაფრთხო, ავტორიზაციის შესაბამის საბავშვო ავეჯსა და ინვენტარს და თან, გამძლეობაც გაინტერესებთ – თქვენ სწორ ადგილას ხართ! სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას, შევაფასებთ თქვენს არსებულ გარემოს, შემოგთავაზებთ ჩვენ მიერ უკვე წარმოებულ მოდელებს ან შევასრულებთ თქვენთვის საინტერესო პროექტებს. ზუსტად ვიცით თქვენთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ადგილზე პროდუქტის ხარისხის გაცნობას და მრავალწლიან საგარანტიო მომსახურებას;
  • თუ პროდუქტს საჩუქრად არჩევთ, უსაფრთხო და განმავითარებელი ავეჯი საუკეთესო არჩევანია. უმაღლესი ხარისხი, ექსპლოატაციის ხანგრძლივი ვადა, სანდო მწარმოებელი და პროდუქციის მრავალფუნქციურობა სწორედ ის არის, რაც თქვენს საჩუქარს განსაკუთრებულად სასარგებლოს და ფუნქციურს გახდის მშობლისა და ბავშვისთვის. 

ჩვენ ვემადლიერებით ჩვენს თითოეულ დამკვეთს და ვამაყობთ, რომ ჯამში ერთი პროდუქტის ან განვადების სერვისით მოსარგებლე მომხმარებელს, მსხვილ B2B დამკვეთს, სახელმწიფო და კერძო ბაღებს თუ პრემიუმ ხარისხის სასტუმროთა ქსელს, ზუსტად ერთსა და იმავე ხარისხის პროდუქციას და სერვისს ვაწვდით. 

ჩვენ გვაქვს თანაბარი პასუხისმგებლობა თითოეული პატარას მიმართ, ვის გარემოშიც გოგორას პროდუქტი დაიდებს ბინას.