როგორ შევარჩიოთ საცოცი სამკუთხედი? 

 

საცოცი სამკუთხედების შესახებ ბლოგების სერიის ამ ნაწილში შევეხებით პროდუქტის შერჩევის კრიტერიუმებს, უსაფრთხოებისა და ხარისხის, ძირითადი პარამეტრებისა და ასაკობრივი სეგმენტის საკითხებს.

 

პროდუქტის ზოგადი აღწერა და ასაკობრივი ჯგუფები

საცოცი სამკუთხედი, მისი ზომებისა და ფორმების მრავალფეროვანი არჩევანით, განკუთვნილია 8-10 თვიდან 6-7 წლამდე ბავშვებისათვის. სამკუთხედის სიმაღლე მერყეობს 45 სმ-დან 120 სმ-მდეც კი, ხოლო საფეხურების სიგანე, რაც სამკუთხედს ძალზე სტაბილურ კონსტრუქციად აქცევს – 40 სმ-დან 80 სმ-მდე. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განსხვავებული ზომის სამკუთხედებია განკუთვნილი. მშობლებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, რა სიმაღლის უნდა იყოს ის: რაც უფრო დაბალია პროდუქტი, მით უფრო უსაფრთხოა მცირეწლოვანი ბავშვისთვის, თუმცა უინტერესო ხდება ასაკის მატებასთან ერთად და პირიქით, დიდი ზომის სამკუთხედის გამოყენება საფრთხის შემცველია მცირე ასაკის ბავშვისათვის. რაც შეეხება საფეხურების სიგანეს, რაც უფრო ვიწროა ისინი, მით მეტი რისკია იყოს მოუხერხებელი და დაკარგოს კონსტრუქციის მდგრადობა, ხოლო მეტისმეტად განიერმა საფეხურებმა შესაძლოა გაზარდოს კონსტრუქციის მდგრადობა, მაგრამ ვერ გაუძლოს წონით დატვირთვას. გარდა ამისა, რაც უფრო ფართოა მოდელი, მით მეტი სივრცე სჭირდება, რაც ხშირად მოუხერხებელია პატარა ბინაში. აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც დასაკეცი სამკუთხედი, ასევე – მუდმივად გაშლილ მდგომარეობაში მყოფი. ეს დამოკიდებულია მწარმოებელზე, თუმცა, კარგი კონსტრუქციის შემთხვევაში, ორი კიბის შეერთების ადგილი ისეთი მყარი უნდა იყოს, რომ არ საჭიროებდეს მუდმივად გაშლილ მდგომარეობაში დატოვებას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, როცა ბინის ფართობი მცირეა და ბავშვის თამაშის დასრულების შემდგომ სასურველია მისი დაკეცვა.

თანმხლები დაფის სიგრძე მერყეობს 70-დან 120 სმ-მდე, ხოლო სიგანე – 30-დან 45 სმ-მდე. გასათვალისწინებელია, რომ 35 სმ-ზე ნაკლები სიგანის დაფა ზედმეტად ვიწროა ნებისმიერი ასაკის ბავშვის აცოცებისა და ჩამოსრიალებისთვის.

 

უსაფრთხოება, ხარისხი და შერჩევის კრიტერიუმები:

თუკი დაინტერესებული ხართ საბავშვო ავეჯის ზოგადი უსაფრთხოების საკითხებით გაეცანით ჩვენს სტატიას საბავშვო ავეჯის უსაფრთხოება და ხარისხი. აქ კი გაგიზიარებთ ზოგად და კონკრეტულ რჩევებს ჩვენი გამოცდილებიდან.

ზოგადი რჩევები:  

  1. მწარმოებლისგან მოითხოვეთ გამოყენებული ნედლეულის (მასიური ხე, ფანერა, ლაქი, ზეთი, საღებავი, გამოყენებული ფურნიტურა და სხვ.) უსაფრთხოების დამასტურებელი სერტიფიკატი. ხისა და ფანერის შემთხვევაში ესაა წებოში დასაშვები ემისიების ოდენობის სერტიფიკატები: ამერიკული CARBII ან ევროპული E1/E0, ხოლო ლაქი/ზეთი/საღებავი უნდა ფლობდეს ეტიკეტზე მითითებულ EN71-3 ან FDA სერტიფიკატებს, რაც ადასტურებს, რომ მწარმოებლის მიერ ნედლეული დასტესტილია საბავშვო სათამაშოების რეგულაციების მიხედვით;
  2. გაითვალისწინეთ, რომ ავეჯის კონსტრუქციაში გამოყენებული მასიური ხე/ფანერა არ იყოს 15 მმ-ზე ნაკლები; 
  3. შეწებილი მასიური ხის გავრცელებული პრობლემაა შეწებილი ადგილების დაზიანება. მოითხოვეთ მწარმოებლისგან გარანტია, რომ შეწებილი ადგილების დაზიანების შემთხვევაში მოხდება პროდუქტის ჩანაცვლება/დაბრუნება;
  4. შეწებილი მასიური ხის შემდეგი გავრცელებული პრობლემაა ბზარების გაჩენა, რაც ნედლეულის არასწორად შრობის/შენახვის პირობების შედეგია. საქართველოში, უმეტესად, ხე შრება არა სპეციალურად რეგულირებულ, არამედ ბუნებრივ პირობებში. უმეტესად, გამოყენებული მასალა არ არის სათანადოდ მშრალი. შესაბამისად, არც ფიტოსანიტარული სერტიფიკატი აქვთ. შესაძლოა, ამგვარი ბზარი არ ახდენდეს გავლენას პროდუქტის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, მაგრამ მეტყველებდეს უხარისხობაზე. მოითხოვეთ მწარმოებლისგან გარანტია, რომ ხეზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში მოხდება პროდუქტის ჩანაცვლება/დაბრუნება;
  5. ნებისმიერი უსაფრთოების სერტიფიკატის მქონე ზეთის/ლაქის/საღებავის გამოყენებისას საბოლოო პროდუქტის ხარისხს წარმოების სტანდარტების დაცვა განსაზღვრავს. ზეთის/ლაქის/საღებავის მოხმარებამდე ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად დაზუმფარებული და გაწმენდილი მტვრის წვრილი ნაწილაკებისგან, იმისთვის რომ მოხდეს ნედლეულის იდეალური შეწოვა. ლაქი და საღებავი არ უნდა სძვრებოდეს პროდუქტს სტანდარტული მოხმარების პირობებში, თუ არ არის გამოყენებული განსაკუთრებული ზეწოლა. თუმცა აუცილებელია მოხმარებისა და მოვლის პროცესში მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვა და ნახევარწლიანი ან ერთწლიანი შუალედით ავეჯის განახლება;

საცოცი სამკუთხედის შერჩევისათვის:

ზოგადად, საცოცი სამკუთხედი ერთ-ერთი გამორჩეულად რთული კონსტრუქციის პროდუქტია საბავშვო ავეჯში. თუკი საბავშვო სკამის ან მაგიდის დიზაინის ინტერნეტიდან კოპირება მარტივად შეიძლება, საცოცი სამკუთხედის კონსტრუქციას საფუძვლიანი შესწავლა და ხანგრძლივი ტესტირება სჭირდება. სამკუთხედის ზომის შერჩევისას ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ინსტრუქცია და გავითვალისწინოთ მწარმოებელთა რეკომენდაციები. ასევე, გაითვალისწინეთ შემდეგი:

კორპუსი:

  • სამკუთხედის კონსტრუქცია უნდა იყოს მდგრადი და უძლებდეს მინიმუმ 50 კგ-იან დატვირთვას. მისი სწორ ზედაპირზე მოთავსებისას ოთხივე ფეხი მყარად უნდა იდგეს იატაკზე;
  • კორპუსის ყველა დეტალი უნდა იყოს მომრგვალებული და არ უნდა ჰქონდეს საფრთხის შემცველი გამოშვერილი დეტალები; 
   
  • ჭანჭიკების თავები იდეალურად უნდა იყოს გასწორებული ხის ზედაპირთან და არ უნდა იყოს ამოზნექილი. თავის, ხელის ან სხეულის სხვა ნაწილის მირტყმისას არ უნდა იყოს ბავშვისთვის მტკივნეული;
  • სასურველია, შეიძინოთ დასაკეცი კონსტრუქცია, რომელიც დაგიზოგავთ ოთახში სივრცეს.

      საფეხურები:

      • ჩვეულებრივ, საცოცი სამკუთხედის საფეხურებისთვის გამოიყენება კორპუსისაგან განსხვავებული ხის მასალა, ეს შეიძლება იყოს წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი და სხვ.), ისე ფოთლოვანი (წიფელი, არყი, ნეკერჩხალი და სხვ.) ჯიშები. გაითვალისწინეთ, რომ წიწვოვანი ჯიხები ნაკლებად გამძლეა ფოთლოვანთან შედარებით. განში 60 სმ ფიჭვის ან ნაძვის საფეხურების შემთხვევაში, სასურველია, საფეხურების სისქე იყოს არანაკლებ 28 მმ-ისა, ხოლო ფოთლოვანი ჯიშების შემთხვევაში დასაშვებია 25 მმ სისქის საფეხურები. თუ განი 60 სმ-ს აღებატება, საჭიროა 30 მმ და მეტი სისქის ფიჭვის/ნაძვის საფეხურების გამოყენება. ევროსტანდარტებით გამომშრალი ფოთლოვანი ჯიშის ხეებისათვის განში 80 სმ საფეხურები შესაძლებელია იყოს 25 მმ სისქის, მაგრამ ქართულ რეალობაში, თუ მასალა არ არის სათანადოდ მშრალი ან არ გამომშრალა სათანადო პირობებში, განიერი და წვრილი საფეხურები მეტად სარისკოა;
      • ხარისხიანი საფეხურების შერჩევა, განსაკუთრებით, ქართულ წარმოებაში, საკმაოდ რთულია. სიმრგვალის მისაღებად აპრობრირებულია ორი მეთოდი – ხელით, ფრეზის ან სახვეწი აპარატების გამოყენებით და სპეციალური ძვირადღირებული დანადგარით, რომელიც ავტომატურად და ზუსტ ზომებებზე ჭრის მასალას. პირველ შემთხვევაში, რომელიც მწარმოებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომია, იდეალურად მრგვალი და ერთმანეთის იდენტური ჯოხების მიღება რთულია. სასურველია, შეძენამდე ნახოთ და შეაფასოთ ხის საფეხურების ხარისხი;
      • რეკომენდაციას ვუწევთ საფეხურებს შორის 9-10 სმ-იან დაშორებას;
      • საფეხურები კორპუსზე დამაგრებულია სპეციალური ჭანჭიკებით და ჩასმულია კორპუსზე ამოჭრილ მრგვალ დეტალებში. მნიშვნელოვანია, რომ საფეხურების მრგვალი ჯოხების დიამეტრი ემთხვეოდეს კორპუსზე ამოჭრილ მრგვალ დეტალებს, რათა საფეხური იყოს მყარად და მოხმარების დროს არ იზნიქებოდეს ან ჭრიალებდეს.

       

          დაბოლოს, სასურველია, საცოცი სამკუთხედის შეძენამდე, ელექტრონული რესურების გამოყენებით საფუძვლიანად გავეცნოთ პროდუქტს, მის მახასიათებლებს, სარგებლიანობას, და დავფიქრდეთ რამდენად აუცილებელია მისი შეძენა ჩვენი პატარას განვითარებისთვის? რამდენად სწორად გვაქვს განსაზღვრული პრიორიტეტები? მაგალითად, ჩვენი გამოცდილებით, თუკი სამ წლამდე ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუცვლელია მონტესორის კუბი სკამის ან სასწავლო კოშკის სარგებლიანობა და დიდია გამოყენების ინტენსივობა, ამ ფონზე საცოცი სამკუთხედი ფუფუნების საგნად გვევლინება, რომელიც ნადმვილად, სახლის პირობებში ბავშვის ფიზიკური აქტივობისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

           

          იხ. შემდეგი სტატიები:  

          საცოცი სამკუთხედი და მისი უპირატესობები
          ემი პიკლერი და მისი მეთოდოლოგია
          პიკლერის სამკუთხედითუმონტესორის სამკუთხედი“? სავაჭრო ნიშანი და მოდელების საავტორო უფლებები
          საცოცი სამკუთხედი: უსაფრთხოება და რეკომენდაციები
          გოგორასსაცოცი სამკუთხედი

             

              

            ტექსტი რეცენზირებულია ნატა მეფარიშვილის
            ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მიერ
            ბლოგზე დაბრუნება

            დატოვე კომენტარი