• „გოგორა“ ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ მაღალმთიან აჭარაში გეგმავს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტებით შექმნილი საწარმო მწვანე ტექნოლოგიებისა და მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემის მეშვეობით იქნება საქართველოში პირველი ენერგოეფექტული საწარმო, სადაც ხის საბავშვო ეკო-მეგობრული პროდუქცია დამზადდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთაში მცხოვრებთა, განსაკუთრებით, ქალებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება. ჩვენი საწარმოო პროცესი გაზიარეულ ფასეულობებს ემყარება. საწარმო შშმ ადაპტირებულია, რაც ქმნის მოხერხებულ გარემოს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, ვისარგებლებთ მთაში მცხოვრებთათვის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე მოსახერხებელი შინ დასაქმების პრინციპით.

    „გოგორა“ პატივს სცემს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და სავაჭრო ნიშანს. ჩვენი პროდუქტის დიზაინის ძირითადი ხაზი ქართულ ეთნოგრაფიულ თემატიკას ემყარება, როგორც ვიზუალის, ისე ხის დამუშავების ტრადიციის ნაწილში. ჩვენ გვჯერა, რომ უმდიდრეს ქართულ ტრადიციულ კულტურაში ამოუწურავი თემა და მიმართულებაა, რის ბაზაზეც თანამედროვე დიზაინის უსაფრთხო სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის გაკეთებაა შესაძლებელი. ვმუშაობთ ტრადიციული ქართული სათამაშოების თანამედროვე მოდელებზეც, რომლითაც პოპულარიზებას გავუწევთ ქართული ხალხური სათამაშოების ოსტატებსაც. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია უკვე კარგად ნაცადი, ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე მორგებული საერთაშორისოდ აღიარებული პროდუქტები, რომელთა ხელმისაწვდომობის მიზნით ქართველ მომხმარებელს ადგილობრივ წარმოებას შევთავაზებთ. ღია ვართ კოლაბორაციული პროექტებისთვისაც.

    გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მეგობარ თითოეულ პიროვნებას თუ ორგანიზაციას, ვინც ფუნქციონირების შესაძლებლობა მოგვცა და ჩვენს გვერდით არის ამ რთულ და საინტერესო წამოწყებაში.