სამართლებრივი ინფორმაცია

გოგორა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას და იცავს მომხმარებლის უფლებებს.

ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების დაცვის საკითხებში, ამიტომ გთავაზობთ ამონარიდს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონიდან, რომელიც ამოქმედდა 2022 წლის 1 ივნისიდან ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

მისი მიზანია მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის ხელშეწყობა. აღნიშნული კანონი იცავს მომხმარებელს, როგორც კერძო, ფიზიკურ პირს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იძენს პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გარკვეულ საქონელს ან მომსახურებას.

კანონი ფიზიკურ პირზე არ ვრცელდება, თუ ის მოქმედებს გარკვეული პროფესიული ან საქმიანი მიზნით. მაგალითად, ხელოსნის მიერ სამუშაო იარაღის შეძენაზე, ან მხატვრის მიერ საღებავების შეძენაზე და ა.შ.

სამომხმარებლო ურთიერთობებში დისკრიმინაციის დაუშვებლობა

  1. საჯაროდ შეთავაზებული საქონლის ან მომსახურების ხელმისაწვდომობის ან მიწოდების დროს მომხმარებლის დისკრიმინაცია დაუშვებელია.
  2. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირებისადმი არათანაბარი მოპყრობა, რომელიც გამართლებულია კანონიერი მიზნით, ამასთანავე, ამ მიზნის მიღწევის მექანიზმი აუცილებელი და თანაზომიერია. 
  3. თუ პირი, რომელიც თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევს, ისეთ ფაქტებს წარმოაჩენს, რომლებიც დისკრიმინაციის პრეზუმფციას ქმნის, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
  4. მომხმარებლის დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მას წარმოეშობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

რა უფლებებს ანიჭებს კანონი მომხმარებლებს და რას ავალდებულებს იგი მეწარმეებს?

მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულება:

მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია:

  • საქონლის ან მომსახურების დასახელების, მისი არსებითი მახასიათებლების შესახებ. მაგ. ზომა, წონა, შესაძლებლობები;
  • მწარმოებლის დასახელების, მოვაჭრის ვინაობის, იურიდიული მისამართისა და საკონტაქო მონაცემების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება მოვაჭრესთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა ხარჯების მითითებით;
  • არსებობის შემთხვევაში გარანტიის შესახებ, აგრეთვე მომხმარებლისთვის შემდგომი მომსახურების გაწევის პირობების შესახებ;
  • საქონლის შეცვლის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის დასახელების შესახებ და მისი მისამართის თაობაზე;
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობების შესახებ.

ეს მოთხოვნები არ ვრცელდება ყოველდღიური საჭიროებისთვის გამიზნულ წვრილმან ყოფით გარიგებაზე, თუ ის მაშინვე სრულდება.

საქონლის მიწოდება

  1. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ გარიგების დადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  2. თუ მოვაჭრემ ეს ვალდებულება არ შეასრულა, მომხმარებელს შეუძლია მას დამატებითი ვადა თავად განუსაზღვროს. თუ პირობა ამ ვადაშიც არ შესრულდა, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას გარიგებაზე და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
  3. დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, თუ დაბადების დღისათვის ტორტი შევუკვეთეთ, მაგრამ საკონდიტრომ იგი იმ დღეს ვერ გამოაცხო, მაშინ არ ვართ ვალდებული მას დამატებითი დრო მივცეთ.
  4. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.

საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი

  • გაყიდული საქონლის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
  • თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქონლის მომხმარებლისთვის გაგზავნა, იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მესამე პირი (გარდა გადამზიდავისა) საქონელზე ფაქტობრივ მფლობელობას მოიპოვებს, საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.
  • თუ გაყიდულ საქონელს მომხმარებლის დავალებით გადამზიდავი აგზავნის, საქონლის გადამზიდავისთვის მიწოდების მომენტიდან საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

დისტანციურად შეძენილ საქონელსა ან მომსახურებაზე უარის თქმა

დადგენილი გამონაკლისების გარდა, საქონლის ან მომსახურების დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას მასზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.

ეს ვადა აითვლება:

ა) მომსახურების შემთხვევაში − გარიგების დადებიდან;

ბ) საქონლის შემთხვევაში − საქონლის მფლობელობაში მიღებიდან. 

უარის სათქმელად მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს გაუგზავნოს სპეციალური შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას.

მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა (მათ შორის, საქონლის მიწოდების თანხა) დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

ამასთან მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.

თავის მხრივ, მომხმარებელი ვალდებულია:

მოვაჭრეს დაუბრუნოს საქონელი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა და გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.

თუ მოვაჭრე მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, დაბრუნება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.

მომხმარებელს არ აქვს უფლებაუარი თქვას ხელშეკრულებაზეთუ:

ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია;

ბ)მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

გ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

დ)საქონელი ჰერმეტულად იყო შეფუთული და მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა;

ე) ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო და ა.შ.

დისტანციურ შეძენასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული პირობები არ ვრცელდება იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

მომხმარებლის უფლებები

  1. თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა (თუ იგი არ შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წინასწარ მიწოდებულ აღწერას), მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან
  2. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
  3. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
  4. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა;
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

ნაკლის მქონე საქონლის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ზემოაღწერილი პირობებით, თუ საქონლის ნაკლი მისი გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა. ცხადია, თუკი საქონლის ვარგისიანობის ვადა გასული არ არის.

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

კომერციული გარანტია

  1. მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას თავის მიერ გაცემული კომერციული გარანტია, მათ შორის, შესაბამისი საქონლის ან მომსახურების რეკლამაში მოცემული პირობები.
  2. კომერციული გარანტია უნდა მოიცავდეს:
  • ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომერციული გარანტია არ ზღუდავს მომხმარებლის ამ კანონით დადგენილ უფლებებს;
  • მკაფიოდ ჩამოყალიბებულ საგარანტიო პირობებს, მათ შორის, კომერციული გარანტიის ხანგრძლივობასა და მოქმედების ტერიტორიას და მისი გასაჩივრებისთვის საჭირო ინფორმაციას, კერძოდ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, მოვაჭრის სახელსა და მისამართს.
  1. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციული გარანტია მას წერილობით ან მისთვის მისაღები სხვა ფორმით უნდა მიეწოდოს.

კომერციული გარანტიის პირობა, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის კანონით დადგენილ უფლებებს, ბათილია.

ხელშეკრულების პირობები

ხელშეკრულების სტანდარტული პირობა არის მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის დადგენილი, წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობა, რომლის გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს ჰქონდა.

მომხმარებლისთვის წერილობითი ფორმით შეთავაზებული გარიგების სტანდარტული პირობები მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. გარიგების ორაზროვანი პირობები მომხმარებლის სასარგებლოდ განიმარტება.

გარიგების სტანდარტული პირობები  ბათილია, თუ ისინი ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და მოვაჭრეს, მომხმარებელთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მათ შორის, ბათილია შემდეგი პირობები:

  • დებულება, რომელიც გამორიცხავს მოვაჭრის პასუხისმგებლობას მომხმარებლისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.
  • დებულება, რომელიც მომხმარებელს ართმევს უფლებას მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის ნაკლის გამოსწორება ან გარიგებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება.
  • დებულება, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულებას აკისრებს ან მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, მომხმარებელს გაწეული ხარჯების ანაზღაურებისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა მოსთხოვოს.
  • დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ცალმხრივად თქვას უარი ხელშეკრულებაზე მაშინ, როდესაც მომხმარებელს არ ეძლევა ასეთივე უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
  • დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, უარი თქვას განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაზე, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გონივრულ ვადაში გაგზავნის გარეშე.
  • დებულება, რომლითაც განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ავტომატურად გრძელდება, ან რომლითაც მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაგრძელების ნების გამოსავლენად არაგონივრულად მცირე ვადაა დადგენილი.
  • დებულება, რომლითაც მოვაჭრე საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ დიდ ვადებს აწესებს ან რომლითაც ვადები ბუნდოვნად არის განსაზღვრული.
  • დებულება, რომელიც მომხმარებელს უწესებს ისეთ პირობებს, რომელთა გაცნობის რეალური შესაძლებლობა მას ხელშეკრულების დადებამდე არ ჰქონდა.
  • დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, ყოველგვარი მნიშვნელოვანი საფუძვლის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს საქონლის ან მომსახურების თვისებები/მახასიათებლები.
  • დებულება, რომელიც მოვაჭრეს უფლებას ანიჭებს, განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა საქონელი ან მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ან ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ცალმხრივად განმარტოს.
  • დებულება, რომელიც მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ავალებს, იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა მოვაჭრე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას.
  • დებულება, რომელიც ზღუდავს მომხმარებლის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და სხვა.

უსამართლო და აგრესიული კომერციული საქმიანობა

ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია ისეთი უსამართლო და აგრესიული კომერციული საქმიანობა, რომელიც კეთილსინდისიერების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და არსებითად უარყოფითად ცვლის ან შესაძლოა შეცვალოს საშუალო მომხმარებლის ეკონომიკური ქცევა ან/და ხელყოს საშუალო მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის უფლება. ასეთებია:

  • მომხმარებლისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, ან პირიქით, სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობა;
  • პირამიდული სქემების ჩამოყალიბება, მართვა ან ხელშეწყობა, რომელშიც ფინანსური სარგებელი მიიღება სხვა მომხმარებლების ჩართვით და არა საქონლის ან მომსახურების გაყიდვით;
  • ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ან მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და მას არ მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად;
  • იმის მტკიცება, რომ მოვაჭრეს (მის კომერციულ საქმიანობას) ან საქონელს შესაბამისი ორგანოსგან/კერძო პირისგან მიღებული აქვს თანხმობა, ნებართვა, ლიცენზია, ავტორიზაცია, აკრედიტაცია და სხვა, მათი არარსებობის შემთხვევაში;
  • ბავშვისთვის პირდაპირ მოწოდება, შეიძინოს რეკლამირებული საქონელი
  • მომხმარებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რომ, თუ იგი არ შეიძენს საქონელს ან მომსახურებას, მოვაჭრის საქმიანობას ან სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება;
  • მომხმარებლისთვის სისტემატურად, ტელეფონით ან დისტანციური კომუნიკაციის სხვა საშუალებით არასასურველი შეთავაზებების გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
  • მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი საქონლის ან მომსახურების მიწოდება, რომელიც მას არ შეუკვეთია, და ამისთვის საქონლის ან მომსახურების ფასის მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ გადახდის მოთხოვნა, ან მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მის მიერ შეკვეთილისგან განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდება ამ საქონლის ან მომსახურების მოვაჭრის ხარჯით, პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე და სხვა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები

მომხმარებელს უფლება აქვს, ამ კანონის დარღვევის შესახებ მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ან შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ უფლებამოსილ ორგანოს.

სააგენტოს მიერ მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის საფუძველია განმცხადებლის შეტყობინება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.

ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადა დარღვევის ჩადენიდან არაუგვიანეს 2 წელია.

სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

  1. სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე, ხოლო საქმეს შეისწავლის ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში;
  2. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა;
  3. ამ ვადების დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;

სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს.

მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას:

  • დარღვეული უფლების აღდგენას; 
  • ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

მოვაჭრე ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შე­იცავდეს:

  • იმ მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა;
  • ფაქტების აღწერას;
  • საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
  • სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
  • მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.

სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.

სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ:

  • მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს;
  • პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება.

ჯარიმა

  1. სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  2. თუ, დასაჯარიმებელი მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  3. მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
  4. მოვაჭრის მიერ ინფორმაციის დადგენილ ვადაში სააგენტოსთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა 500 ლარი. ამ ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობაა 1 000 ლარი.
  5. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
  6. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს.
  7. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
  8. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

სააგენტოს გადაწყვეტილება მისი მოვაჭრისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს უფლებამოსილება და მოვაჭრეს შესაბამისი ჯარიმა დააკისროს.

სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში

სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ეს ანგარიში საჯაროა და სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

წყარო : https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5420598?publication=1

https://www.momxmarebeli.ge/articles/other/6790